logo
ENG



"მოვითხოვთ, შენარჩუნებული იყოს კინოცენტრის დამოუკიდებლობა"- კინოცენტრის განცხადება

05 ივნ 202322:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/05/eek9c3dl4gt1v3y.jpg

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე წუხილს გამოთქვამს და მოითხოვს, შენარჩუნებული იქნას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კინოცენტრში აცხადებენ, რომ არსებობს საფრთხე, კინოცენტრი გახდეს საზოგადოებისათვის დახურული ორგანიზაცია, რომელიც კარგავს შეხების წერტილს დარგის წარმომადგენლებთან და წყვეტს კომუნიკაციას საზოგადოებასთან.

განახლება: გავრცელებული განცხადება კინოცენტრის ვებგვერდზე აღარ იძებნება.

"საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, შექმნის დღიდან, წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო ინსტიტუციას საქართველოში, რომელიც არის ქართული კინოს განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის მთავარი ხელშემწყობი. ეროვნული კინოცენტრის საქმიანობას წარმოადგენს, კინოს წარმოების, ფესტივალების, თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების დაფინანსება და კინოს პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. წლების განმავლობაში კინოცენტრის მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი საზოგადოების კულტურულ განვითარებას, ხელოვანების თვითგამოხატვის თავისუფლებას და ქართული კულტურის საზღვრებს გარეთ გატანას.

არსებობის 22 წლის განმავლობაში ეროვნული კინოცენტრი იქცა ერთადერთ და საკვანძო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუციად ქართული კინოსექტორისათვის. მისი მნიშვნელობა კი განპირობებულია აქ დასაქმებული ადამიანების პროფესიონალიზმით, სიყვარულით ქართული კინოსადმი, საერთო იდეითა და სურვილით, რომ ჩვენმა კულტურამ დაიმკვიდროს მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილი.

ბოლო წლებში, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის იმიჯი შელახულია და საზოგადოების ნაწილის ნდობა კინოცენტრისადმი საკმაოდ შერყეულია. ვინაიდან ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანის დამოკიდებულება, გვინდა გამოვხატოთ წუხილი ბოლო დროინდელ პროცესებთან დაკავშირებით და მოვითხოვთ შენარჩუნებული იქნას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა, ხოლო სამუშაო პროცესი წარიმართოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და კინოცენტრში დასაქმებული პირებს შორის ღია თანამშრომლობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ კინოცენტრი გახდეს საზოგადოებისათვის დახურული ორგანიზაცია, რომელიც კარგავს შეხების წერტილს დარგის წარმომადგენლებთან და წყვეტს გულწრფელ კომუნიკაციას საზოგადოებასთან"- ნათქვამია განცხადებაში.

2 ივნისს, კინოცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც გოეთეს ინსტიტუტის მიერ გაგა ჩხეიძის დაჯილდოებას გამოეხმაურა და თქვა, რომ გადაისინჯება გადაწყვეტილება ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელებაზე.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა გაგა ჩხეიძე და თქვა, რომ ეს მუქარაა ფესტივალის მიმართ.

კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ აღნიშნული პოსტი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მითითებითაა დაწერილი.

1-ელ ივნისს ცნობილი გახდა, რომ გოეთეს ინსტიტუტმა გაგა ჩხეიძე გოეთეს მედლით დააჯილდოვა. ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ის კინოცენტრიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო მოხსნეს.

***

გაგა ჩხეიძე კინოცენტრიდან, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, 2022 წლის 14 მარტს გაათავისუფლეს.

კინოცენტრის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი აუდიტის დასკვნა გახდა

ყოფილმა დირექტორი ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული პოლიტიკური განცხადებაა.

 


close დახურვა